
ჯო უილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან. გვაქვს კონკრეტული საუბრები და იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს. პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით. შეიძლება, ასეთი კაცი ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს? გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული არაფერი მინახავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს კომპანია „ფრონტერას“ შესაძლო ლობირებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური კუთხით არავითარი კავშირი არ აქვს.
0
0