
იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ გვერდზე უნდა გადადოს სუბიექტური ინტერესები და იმოქმედონ ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
„არის უამრავი სუბიექტური ინტერესი, ჩვენ გვაქვს ობიექტური ინტერესი, დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართველი ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ ეს შევცვალოთ, ეს არის ობიექტური ინტერესი. უნივერსიტეტებში ადამიანებს აქვთ სუბიექტური ინტერესები. მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა, რომ დარჩეს რექტორად, ვიღაც დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება, პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთადერთ რამეს, არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ყველამ გვერდზე უნდა გადადოს სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედოს ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
რაც შეეხება ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება უფრო მძაფრად წარმოდგენილი. ამ შემთხვევში სუბიექტურმა ინტერესმა შეიძლება, გადასძალოს ობიექტური ინტერესი – გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უმაღლესი განათლების სისტემა. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა – ყველა ჯერდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დონე იყო დაბალი, ჩვენ ვერ ვაწვდიდით ქართველ ახალგაზრდას სათანადო განათლებას. უცბად, როგორც კი დავაანონსეთ ეს რეფორმა, აღმოჩნდა, რომ სხვანაირად ყოფილა საქმე და ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, თურმე ყველაფერი კარგად არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვაცხადეთ ჩვენი ინიციატივის თაობაზე, რომ გვეზრუნა ფასების შემცირებაზე, გამოვიდა ოპოზიცია და აქტიურად ამტკიცებენ, თურმე არაფერი ყოფილა შესაცვლელი და ფასები უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. იგივე ხდება უმაღლესი განათლების მიმართულებითაც, როგორც კი დავიწყეთ ჩვენ საუბარი იმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი უმაღლესი განათლების ხარისხით ჩვენს ქვეყანაში, მაშინვე გამოვიდნენ ოპონენტები და დაიწყეს საუბარი იმაზე, თითქოს არაფერია ამ ქვეყანაში შესაცვლელი, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ახალგაზრდებზე და მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0