
წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში, ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არასწორია.
„ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით, მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებში. ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ვითარების გაუმჯობესება. ამ მცდელობის პოლიტიზებას როდესაც ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის და არასწორიც. ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0