
გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის განვითარებაში.
„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლო ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქისა და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.
„სავარაუდოდ ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0