
ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
„გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო ზრდის მიმართ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.
ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ერთად წავწიეთ წინ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნები, განსაკუთრებით სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
0
0