
მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.
პრემიერმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თუ ერი ძლიერი იქნება რწმენაში, ქვეყანაც ძლიერი იქნება.
„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესის და უნეტარესს მიმართ იმ მრავალწლიანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს მთლიანად ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავლად არის შეკრებილი მრევლის სვეტიცხოველი წმინდა ტაძარში, არის ამ ღვაწლის დამსახურება. უდიდესი მადლობა პატრიარქს ამისთვის. მინდა, სვეტიცხოვლობა მივულოცო მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, ვინც ემსახურება ჩვენს ეკლესიას. ასევე, მინდა მივულოცო მრევლს, მცხეთელებს, საქართველოს თითოეულ შვილს. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ქრისტიანული კულტურის, დედაეკლესიის წინაშე, რომ დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დედაეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ღირებულებების დაცვაზე, შენარჩუნებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაძლიერებაში.
„ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს თარიღი შეგვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, კულტურა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს პასუხისმგებლობას თაობების წინაშე, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის გაძლიერებაში, დედაეკლესიის მიმართ ზრუნვაში. მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რაც არის საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა. ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას. ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე. ამიტომ, ყველას მინდა, გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ როცა ჩვენი ერი იყო რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა. ასე იქნება მომავალშიც. ვიდრე ჩვენი ერი იქნება რწმენაში, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და ქვეყანა იქნება ძლიერი. ჩემ ქვეყანას მინდა, ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0