
ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
„თუ ჩვენს წარსულს, კონკრეტულად კი, იმ პერიოდს გადავავლებთ თვალს, როდესაც ერეკლე მეორეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ნათლად დავინახავთ იმ უმძიმეს, ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფებოდა. მრავალწლიანი და უმძიმესი დაპირისპირებების შედეგად სპარსეთთან, ოსმალეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არამხოლოდ ქართული სახელმწიფო, არამედ თვით ქართველი ერი იდგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის.
საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.
0
0