
მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნილი პირველი წერილი რადიკალურად განსხვავდება მიხეილ ყაველაშვილის სახელზე პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოსული წერილისგან.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს წარმოაჩენს დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.
„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. სხვანაირად შეუძლებელია ახსნა, როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი, პრაქტიკულად, არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025