
კანონით არის ჩაკეტილი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კორუფციის რისკები, ამის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ზოგადად, რისკები და საფრთხეები რჩება, შესაბამისად, სრული ყურადღებით გაგრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ბევრად უფრო ადრე მომხდარიყო კორუფციის პრევენცია.
„ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, მათ შორის, ამ თემის პერსონალური ასპექტის გათვალისწინებით. შესაბამისად, სიღრმეში შესვლას დღესაც მოვერიდები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დროულად დავიწყეთ ჩარევა – როდესაც მოხდა რეალურად, არსებითად, პრობლემების იდენტიფიცირება, მყისიერად დავიწყეთ ჩარევა, თუმცა გარკვეულ პროცესებს დასჭირდა დრო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ზუსტად ამ წლებში. 2021-2022- 2023 წლები, ეს გაგრძელდა მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ერთდროულად გვიწევდა როგორც გარე საფრთხეებთან გამკლავება, ასევე ქვეყნის შიგნით კონკრეტულ პრობლემებთან ბრძოლა. ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა რთულია და რისკებთან არის დაკავშირებული. ამას ემატებოდა საარჩევნო წელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოვახერხეთ იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოფხვრა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია, როგორ მუშაობს მთავრობა დღეს და როგორ აპირებს, იმუშაოს ხვალ.
„რაც მთავარია, გვინდა, წინ გავიხედოთ. ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, ამაზე პასუხისმგებლობის საკითხის აღძვრა, თუმცა მთავარი არის, როგორ მუშაობს მთავრობა დღეს და როგორ აპირებს, იმუშაოს ხვალ. ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ პრევენციულად დავაზღვიოთ ყველანაირი რისკები, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. რომ ავიღოთ კონკრეტული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ქონების გასხვისება, პრივატიზაცია. ჩვენ ძალიან მარტივად, კანონით ჩავკეტეთ კორუფციის რისკები თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ რეალურად, ყველანაირი ქონება გამოდის აუქციონზე და აუქციონი არის გამჭვირვალე, ღია და სახელმწიფოს აქვს გარანტია იმისა, რომ შესაბამისი ქონება სახელმწიფოსთვის ყველაზე მაღალ ფასად, ყველაზე მომგებიანად გასხვისდება. კანონით ჩავკეტეთ ყველანაირი ასეთი პრაქტიკა. შესაბამისად, აქ რომელიმე კონკრეტულმა თანამდებობის პირმაც რომ მოინდომოს რაიმეს გაფუჭება, უკვე კანონით მთლიანად არის ჩაკეტილი ამის შესაძლებლობა. როდესაც მთავრობის აქტები არის თავიდან ბოლომდე ღია და გამჭვირვალე, აქაც პრაქტიკულად ცდუნება განულებულია, რომ იმ აქტებში რაიმე კორუფციული ჩაიდოს. იგივე ეხება შესყიდვების პრაქტიკას, სადაც ჩვენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმაც დავამკვიდრეთ. ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. შესაბამისად, ხელით და კონვერტებით ვერავინ ვეღარ გადაალაგებს ამ შესყიდვების პროცედურას. გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი. ყველა დააკვირდება, ვინ არის წინადადების შემტანი, რა თანხები შედის, როგორ კორექტირდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე თანამდებობის პირის ცდუნებაზე დამოკიდებულს აღარ ხდის კორუფციას. კანონით არის ჩაკეტილი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კორუფციის რისკები. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ზოგადად, რისკები და საფრთხეები რჩება ამ მიმართულებითაც. შესაბამისად, სრული ყურადღებით გაგრძელდება მუშაობა და რაც მთავარია, ჩვენ შევკარით კოორდინაციის სქემა. ამაში არის ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენ შევქმენით მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი. ეს ძირითადი სტრუქტურები არიან დაკავებული სწორედ იმით, რომ კოორდინირებულად უზრუნველყონ კორუფციის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში გამოავლინონ შესაბამისი ფაქტები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0