
გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
„დემოგრაფია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. გასული წლების შემდეგ, შარშან გვქონდა პირველი წელი, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას. წინა წლების განმავლობაში გვქონდა დიდი მინუსი. ასევე დაბადება-გარდაცვალების თანაფარდობასთან დაკავშირებითაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. როგორც ბუნებრივი მატების, ისე მიგრაციის ნაწილში გვაქვს გამოწვევები, თუმცა ეს ცალკე საკითხია და შეგვიძლია, ცალკე ინტერპელაციის ფარგლებში დეტალურად ვიმსჯელოთ. კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0