
ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.
„ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, კახი კალაძეს მივულოცო დღევანდელი დღე, საარჩევნო შტაბის გახსნა. უკვე საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები, მე ვიტყოდი, შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, რადგან კონკურენტები, უბრალოდ, არ ჰყავს კახა კალაძეს. არც პარტიულად გვყავს მაინცდამაინც კონკურენტები, თუმცა, ჩვენით უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მიზნად დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით. გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და პარტიული კუთხით უნდა მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც პირადად კახა კალაძესა და მის გუნდს აქვს გაკეთებული თბილისისთვის.
ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი რვა წლის წინ და, როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში. გამორჩეული გემოვნებითა, სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდებოდა თითოეული საქმე. ამაში უპირველესი და მთავარი დამსახურება ეკუთვნის კახა კალაძეს. მე, როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უკეთებია. გუნდის გარეშე შეუძლებელია ამ საქმეების კეთება. კახა კალაძეს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ცოტა ხნის წინ გვქონდა თბილისის საკრებულოს ჯერ მაჟორიტარების, შემდეგ პროპორციული სიის წარდგენა. ვიცით, როგორ ძლიერია მერიაში კახა კალაძის გუნდი. ეს გუნდი და უპირველესად კახა კალაძე არიან გარანტი, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს კახა კალაძეს. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0