
გუშინ დააკავეს ძალოვანი სტრუქტურების ხუთი წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხელწერის და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი – შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 2024 წლის აქციების დროს ძალადობის ფაქტებზე გუშინ დააკავეს სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე ერთი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
0
0