
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
„რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მინდა ჩამოგითვალოთ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირიდან ჩინეთთან. გერმანია, დანია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უნგრეთი, საბერძნეთი - ყველა ამ ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან. შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები.
ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩინეთი არის ძალიან ღირსეული პარტნიორი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ჩინეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიით, მოსახლეობით, ეკონომიკით - 20 ტრილიონიანი სახელმწიფოა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი. მიუხედავად ამ სხვაობისა, ჩინეთი ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უდგება როგორც თანასწორს. და ეს მეტყველებს ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ღირსებაზე და ნეტავ ყველა სახელმწიფო ასე ღირსეულად მოქმედებდეს ჩვენნაირი სახელმწიფოების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და მოწოდება.
როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით, ასეთი გზავნილები გვესმის ხოლმე. ჩინეთი, გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ჩინეთი გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოებს ბუნებრივია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0