
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თამარ ტალიაშვილთან დაკავშირებით ეს დიპლომატიური ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, თუმცა დახურულ კომუნიკაციაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„მადლობა, რომ შემახსენეთ, 5 ოქტომბერია და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი. თქვენ მეკითხებით, დაიბარეს თუ არა, მე გეუბნებით, რომ არ დაუბარებიათ. ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ მქონდა საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან, მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში, ის არ დაუბარებიათ არცერთხელ. თქვენ იცით, დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არცერთხელ. შესაბამისად, გვაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, არასწორია, რადგან დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად, მაგრამ თქვენ რაც გაინტერესებდათ, დაიბარეს თუ არა ელჩი, გამოიყენეს თუ არა ეს დიპლომატიური ზომა, ეს არ მომხდარა. გამომდინარე იქედან, რომ არ მაქვს უფლება, დახურულ კომუნიკაციაზე ვისაუბრო, ზოგადად გეტყვით ერთ რამეს, ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ვსაუბრობთ ყველაფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და ა.შ. ეს არის ყოველთვის ძალიან გულწრფელი საუბრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0