
პირველ რიგში, რაც შეეხება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაქრობას პოლიტიკური სივრციდან, ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით, - განაცხადა საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას „გააზრებული და ბრძნული“ გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც არჩევნების გზით „ნაცმოძრაობა“ დაასრულა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მზადდება სარჩელიც, რომელსაც საფუძვლად ედება საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართავენ.
„გუშინ დასრულდნენ ისინი და გუშინ მოახდინეს შემდეგ ამ რევოლუციური მცდელობით თვითლიკვიდაცია, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დაფუძნებულია იმ უმნიშვნელოვანესს და უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც თქვენც და საზოგადოებამაც მოისმინა პარლამენტში. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი მძიმე ისტორიები მოვისმინეთ სხვადასხვა მიმართულებით. რამდენი ისტორია გაიხსენა საზოგადოებამ. არაფერს ვამბობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ვერ მოესწრნენ ამათ პირსისხლიან მმართველობას და რამდენი სიახლე გაიგეს და რეალურად გაიგეს თუ ვინ ესაუბრებოდა მათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების და დემოკრატიის სახელით. მომზადდა დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მზადდება სარჩელი და უახლოეს მომავალში შევალთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0