
არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და საზოგადოება დააკვირდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაზე მთავარია, ზოგადად, ბატონი ხაზარაძის, მისი ე.წ. პარტიის - მისი თანამოაზრეების, პარტნიორების თუ ა.შ. დამოკიდებულება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, "ლელოს" ლიდერს და მის თანამოაზრეებს დავალება აქვთ, რაც შეიძლება დემონსტრაციულად, ყველა ქმედებით დააკნინონ სახელმწიფო და მაქსიმალურად მიაყენონ შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
"ჩვენ არაერთხელ მოგვიხსენიებია ისინი, როგორც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მათი მიზანი არის ერთი, რომ მაქსიმალურად, ყველა თავიანთ ქმედებაში სახელმწიფოებრიობა დააკნინონ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დააკნინონ ღიად, ნათლად, დემონსტრაციულად. დავალება აქვთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად სახელმწიფო არ აღიარონ, სახელმწიფოს მიაყენონ შეურაცხყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს არის ამაზრზენი სანახავი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება შენ სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინო და ეს ყველაფერი სახეზეა." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0