
უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არცერთი სიტყვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ოპოზიციას ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას არ ანდობენ დამოუკიდებლად.
„სასწაული მოხდა „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება „დიფ სთეითსა“ თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს. უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არცერთი სიტყვის. ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად. მერე დადგებიან და მონა, მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე. დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას“, – წერს კირცხალია.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.
0
0