
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიტიური მესიჯებია.
კირცხალიას თქმით, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები წინა ადმინისტრაციამ დააზიანა.
„ეს შეხვედრა მისასალმებელი და პოზიტიური მოვლენაა. ამერიკის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიტიური მესიჯებია. საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის მზადაა.
მათი მხრიდან გაჟღერდა, რომ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ არა ზოგადად, არამედ საქართველოსთან მიმართებით. ფაქტი დადებითი და პოზიტიურია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება ორ ქვეყანას, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობები. კერძოდ, როგორ აღდგება ის დაზიანებული ურთიერთობები, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დააზიანა, რაც პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს. ყაველაშვილის თქმით, ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.
0
0