24/11/2023
11:43
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი - "გაეროს სპეციალური პროგრამა, ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის", წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საუბრობს, რომლის განხილვასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აპირებს.
"ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც, ასევე ესწრებიან შუა აზიის ქვეყნების ლიდერები. ჩვენი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ კონფერენციას ესწრება უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოპატიჟებით. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
შეხვედრისას განხილული იქნება მთელი რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით, ასევე, ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი, ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის გაფართოება და დასრულება, რომელიც წელს დასრულდება", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
0
0