
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „დიფ სთეითი“, რომელთან დაკავშირებითაც „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ, განსხვავდება იმ „დიფ სთეითისგან“, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია მიუთითებს.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გაბარდი აღნიშნავს: „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ“.
„ამ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარსაც ვაკეთებდი, ეს კომენტარი დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ, მაგალითად, „პოსტივისთან“ ინტერვიუში, შალვა რამიშვილთან. დაამტკიცა მათ შორის ბატონმა ყაველაშვილმაც თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ის „დიფ სთეითი“, რომელზეც თავად საუბრობენ, არის სხვა, ტრამპის და რუბიოს „დიფ სთეითი“ სხვაა და ამაზე წუხილიც გამოთქვა. მეც ამას ვამბობდი. შეგიძლიათ, გადახედოთ არქივს. ვამბობდი, რომ ის „დიფ სთეითი“, რომელზეც საუბარი არის „ოცნებაში“, არის უფრო დუგინისეული „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია, რომელიც არის რაღაც გლობალური დასავლეთი, ომებს აჩაღებს და საწყალ პუტინს ითრევს საომარ კონფლიქტებში. რაც შეეხება ტრამპისეულ და რუბიოსეულ „დიფ სთეითს“, ეს არის ბიუროკრატიაში, საჯარო ინსტიტუციებში არსებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა, ჯერ ერთი, არის დიდი, ამას ჩივის ტრამპის ადმინისტრაცია, არ იყო საჭირო, თუნდაც ყოფილიყო ამდენი საჯარო მოსამსახურე და ბიუროკრატი, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, მათი რაღაც ნაწილი იდეურად არიან ტრამპისგან განსხვავებულ პოზიციებზე. ეს არის, ერთი მხრივ, ამერიკელების აზრით ბიუროკრატიული და შიდა ინსტიტუციური პრობლემა, რაც შეეხება კობახიძისეულ „დიფ სთეითს“, ეს სხვა „დიფ სთეითია“, ოღონდ ამაზე მე არ ვსაუბრობ, იგივე თქვა კობახიძემ თავის ინტერვიუში შალვა რამიშვილთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ აქვთ შიდაპოლიტიკური საკითხი. მათი აზრით, ეს ბიუროკრატია არის ზედმეტად გაწელილი, მათ შორის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იდეურად განსხვავდებიან მათი შეხედულებებისგან და მიაჩნიათ, რომ ამ ადამიანებს, მათ შორის აქვთ ტრამპის საწინააღმდეგო შეხედულებები, თუნდაც მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არანაირ კავშირში არ არის და ამას თვითონვე აღიარებენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები. კობახიძეც აღნიშნავს, რომ სხვა „დიფ სთეითზეა“ საუბარი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება გაბარდის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი ნატო-სთან უფრო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას ცდილობს“, – ფავლენიშვილის თქმით, „რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, ისე მოახდინოს უკრაინის და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ოკუპაცია, რომ გლობალურ, მასშტაბურ კონფლიქტში არ ჩაერთოს ნატო-ს არმიასთან“.
„ეს იმის გამო კი არ არის, რომ რუსეთში კეთილი ხალხია, უბრალოდ, არ სურთ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სამხედრო ძალები. ურჩევნიათ, ისე დაიპყრონ, მაგალითად, უკრაინა და რომელიმე სხვა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო, რომ არ მოხდეს მასშტაბური შეტაკება თუნდაც დასავლური არმიების ერთობლივ სამხედრო ძალებთან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0