
წესდების მიხედვით, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეც, გენერალური მდივანიც და ხელმძღვანელობაც ვადის ამოწურვის შემდეგ აგრძელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე ტარდება პარტიის ყრილობა და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩატარდება. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, მალევე იქნება მიღებული. ჩვენს მენეჯმენტთან და ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, „ნანუკა ჟორჟოლიანს საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს, რის გამოც ხელაღებით ვერ იტყვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა“.
„ზოგადად, თავმჯდომარეობა გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. კონკრეტულმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაჯოს, რამდენად მზად არის ამისთვის. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გახლავთ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანს ტყუილუბრალოდ შესთავაზებდა პოსტს. რა თქმა უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანს გარკვეული უნარ-ჩვევები აქვს. გასაგებია, რომ შეიძლება, კლასიკური გაგებით, პოლიტიკოსი არ იყოს, მაგრამ ძალიან ენერგიული, სახალხო, აქტიური პერსონაა, რომელსაც საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს. ამიტომაც ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ ამისთვის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თვითონ თუ არა აქვს სურვილი, ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს. ეს ისეთი რთული პასუხისმგებლობაა, რომ მისი აღება, პირველ რიგში, იმ კონკრეტული ადამიანის მიერ უნდა მოხდეს. კონკრეტულ ფორმატებზე მიმდინარეობს საუბარი. მხოლოდ თავმჯდომარეობა არ არის ის თანამდებობა, რისი გამოყენებითაც შეძლებს საკუთარი იდეების განხორციელებას ჩვენ პარტიაში. მიმაჩნია, რომ რა ფორმატიც გამოიძებნება და რა როლსაც გამოძებნის ამ პარტიაში, აბსოლუტურად მისაღები იქნება ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ ის თვისებები, რაც ჩამოვთვალე და რაც მას აქვს, ნებისმიერი სხვა ფორმატით წაადგეს პარტიის საქმიანობას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, „თინა ბოკუჩავას თუ ჰქონდა შეთავაზება გუნდის მხრიდან თანათავმჯდომარეობაზე ან მსგავს პოზიციაზე?“, ფავლენიშვილმა უპასუხა:
„რა შემოთავაზებები გაკეთებულა, ამაზე თავს შევიკავებდი. არ მინდა, სხვის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად, თინა ბოკუჩავა ჩვენი გუნდის ღვაწლმოსილი წევრი გახლავთ და დამსახურებებიდან გამომდინარე, ამ გუნდში უნდა დარჩეს.
ფაქტი არის მარტივი, პოლიტიკაა, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს კონკრეტულ საკითხებზე თავად პარტიის შიგნითაც, ეს ჩვენთვის ტრაგედია ნამდვილად არ გახლავთ. „ნაცმოძრაობას“ ბევრად უფრო პლურალისტური და დემოკრატიული სტანდარტები აქვს, მათ შორის შიდაოპერირებისაც. გიდასტურებთ, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო წევრია გუნდისთვის. შეიძლება, თვითონ მოიფიქროს, შეიძლება, ჩვენთან კონსულტაციის შედეგად. ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ გააგრძელოს მუშაობა. შეიძლება, თავმჯდომარეობაც უნდოდეს, კანდიდატურაც დააყენოს. თინას მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ზუსტად როგორ ხედავს საკუთარ თავს პარტიაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილის თქმით, ჯერ არ არის საკითხი გადაწყვეტილი, როგორი წესით მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
„მაგალითად, რამდენიმე კანდიდატი თუ იქნება, შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის ყრილობა. პოლიტსაბჭოც უნდა ჩატარდეს, სადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ ავირჩევთ თავმჯდომარეს, რამდენი კანდიდატი გვეყოლება, შესაბამისად, წესზეც შევთანხმდებით. შეიძლება, ეს იყოს ისეთივე ფორმატი, როგორიც დაახლოებით ლევან ხაბეიშვილის არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება იყოს დელეგატების მიერ თავმჯდომარის არჩევა. წინასწარ ვერ გეტყვით, ვინ დააყენებს კანდიდატურას. ჯერჯერობით ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ივანიშვილის „ოცნებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტადაც რომ ის პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთი ადამიანი რასაც ამბობს, თუნდაც ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, შეიძლება, საბოლოო ჯამში, ასე არ მოხდეს, რადგან განსხვავებული აზრები არსებობდეს. რაც შეეხება შიდა დემოკრატიას, შეიძლება, რაღაც ხარვეზები არსებობდა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენს პარტიაში რა შიდადემოკრატიის ხარისხიც იყო, ასეთი არ ყოფილა არცერთ სხვა პარტიაში. ეს არის ცალსახა ფაქტი და ამას მოწმობს უახლოესი წლების ისტორია. რამდენი არჩევნებიც ჩატარდა, იყო კონკურენტუნარიანი, ისეთი არჩევნები, სადაც ვინ გაიმარჯვებდა, წინასწარ არავინ უწყოდა. ეს ყველაფერი ბევრად უფრო რუტინულ და ორგანულ პროცესად უნდა ვაქციოთ ჩვენი პარტიისთვის ყველა დონეზე. ყველა გადაწყვეტილება რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, ძალიან სახალხო ჩართულობით უნდა იყოს მიღებული. ვისაც ექნება სურვილი, მას შეუძლია, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა ან შეიძლება, ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეს აზრი, რომ კონკრეტული პირი არის შესაფერისი კანდიდატურა და მათ დააყენონ. არავინაა შეზღუდული. არ გამოვრიცხავ, რამდენიმე კანდიდატიც გვყავდეს, მით უმეტეს ამაზე რაღაც საუბარი არსებობდა. გასაგებია, რომ ვინაიდან ნაკლებად გვყავს საზოგადოებისთვის ცნობილი კონკრეტული კანდიდატი, შეიძლება, ბევრი კითხვა არსებობდეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს ამბებიც გაირკვევა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0