
როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საუბარი იყო საკითხებზე, რომლებიც მოუგვარებელია ქვეყნებს შორის, შეგვიძლია პირდაპირ ჩამოვთვალოთ, ეს არის „ოცნების“ მიერ რუსული პროპაგანდისტული ნარატივები და ანტიუკრაინული კამპანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში შეიძლება, იგულისხმებოდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი.
„ეს არის ცალსახად უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული საკითხი და ამაზე არაერთხელ იყო განცხადება გაკეთებული. მესამე საკითხი კი გახლავთ ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც არსებობს უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუნდაც ლარსზე. მათი განცხადებები იყო პასუხი იმაზე, რასაც აკეთებდა ქართული მხარე კერძოდ, პროვოკაციაში ადანაშაულებდნენ ზელენსკის, მათ შორის სამთავრობო პროპაგანდა ანტიუკრაინულ ნარატივებს ავრცელებდა, იმაზე რომ თურმე უკრაინაშიც გლობალურმა ომის პარტიამ გააჩაღა ომი და არა პუტინმა. სააკაშვილსა და ზელენსკის შორის სვამენ ტოლობის ნიშანს, ამით ახდენენ ორივე მათგანის და დასავლეთის დისკრედიტაციას. ეს კამპანია უნდა შეწყდეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი მოღვაწე, არამედ უკრაინისთვის, ის ზელენსკის მთავრობის წევრი იყო და უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0