
„სალფეტკის“ სროლის გამო ახალგაზრდას იჭერენ, წლობით უშვებენ ციხეში და ამ დროს ხალხი, ფაქტობრივად, ეკრანების წინ ცემაში მოკლეს და ერთი კაციც არ არის დაჭერილი. შერჩევითი სამართალი რომ არის, ყველა ძირითადი ინსტიტუცია შერჩევითად და პოლიტიკური მიკერძოებით რომ მოქმედებს, ამას ჰელსინკის კომისიის გარეშეც მიხვდება ბევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიასაც აქვს სრული უფლება, შეფასება გააკეთოს.
„ყველაფერი ზედაპირზე დევს და არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ უთქვამთ. ჰელსინკის კომისია ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოსადმი მეგობრული, სოლიდარული დამოკიდებულებით, მათთვის სულერთი არ არის, რაც ხდება საქართველოში. ეს არ არის ჩარევა. იმავე ლოგიკით არცერთმა ქვეყანამ არცერთ ქვეყანაზე არაფერი არ უნდა თქვას, თუ იქ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ხმა არ უნდა ამოიღონ, რომ არ ჩაეთვალოთ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევად. თანამედროვე მსოფლიო ასე არ არის მოწყობილი და ასეც უნდა იყოს. ფლომასტერით საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ქალი პოლიტიკოსის, ოთხი შვილის დედის წელიწად-ნახევრით დასჯა არ არის მისაღები არანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური ლოგიკით. მე ვფიქრობ, ეს არაქართული, არასამართლებრივი და არაპოლიტიკურია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0