
„ოპოზიციის ალიანსის“ მიზანია, ამ სისტემის დემონტაჟი, მათ შორის პროტესტის გაძლიერებით, ჩვენი მომხრეების გააქტიურებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორთვიანი კამპანიის შედეგად პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უნდა გააქტიურდეს.
„დაანონსდა არამხოლოდ აქცია, არამედ ორთვიანი მობილიზაციის კამპანია, რომელიც პარტიების მიერ პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას ეხება. ამასთან, რეგიონებში ჩატარდება აქციები, იქნება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს, ამ სიმბოლურ თარიღს ჩატარდება დიდი აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა, საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში არ შეწყდეს.
ყველას კარგად გვესმის, რომ საპროტესტო აქციის დაანონსება ხაზგასმაა ორთვიანი კამპანიისა. რას ემსახურება ეს წინააღმდეგობა და პროტესტი, ყველამ კარგად ვიცით. რამდენი ხანიც გასტანს, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ სწორედ წინააღმდეგობით და პროტესტით უნდა მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შარშანდელი 26 მაისის აქციისგან განსხვავებით, სადაც ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იყო გაერთიანებული, რა იქნება წელს, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ მაშინ თანამშრომლობისთვის ეფექტური ფორმატი არ იყო შექმნილი.
„რა არის სიახლე და მთავარი, ამას ძალიან მკაფიოდ ვუსვამთ ხაზს. მაშინ წინააღმდეგობაში არსებული ძალების მიერ არ იყო შექმნილი ეფექტური ფორმატი, სადაც ეს ხალხი ითანამშრომლებდა, უფრო მეტი სივრცე რჩებოდა ქიშპობისთვის და არა თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება წინააღმდეგობის, რა მიზანი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ალიანსის ნებისმიერ წევრ სხვა პარტიას, ძალიან მარტივია. ჩვენი მიზანი გახლავთ ამ სისტემის დემონტაჟი, მათ შორის პროტესტის გაძლიერებით, ჩვენი მომხრეების გააქტიურებით. ეს არის ის მიზანი, რაც დეკლარირებულია და კამპანიაც ამას ემსახურება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0