
გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა არის ოპოზიციურად განწყობილი და ეს კონტრასტი მთელი დღის მანძილზე კარგად ჩანდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ ზაფხულშიც გეგმავს კამპანიის წარმოებას.
„საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ ამ საპროტესტო გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა და დიდი მოტივაცია მიეცა. ზაფხულშიც ვაპირებთ კამპანიის წარმოებას, მათ შორის მსხვილი აქციების ორგანიზებას. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ანტიქართული რეჟიმის დემონტაჟით უნდა დასრულდეს. როგორც გვაქვს ინფორმაცია, გუშინდელ აქციაზე, თბილისის ქუჩებში საქართველოს 50 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებილი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილმა ასევე განმარტა, რა გეგმა აქვს „ოპოზიციის ალიანსს“ ამ კამპანიის ფარგლებში.
„ჩვენ კონკრეტულ გზებზე ვსაუბრობთ, როგორ ვხედავთ კრიზისიდან გამოსვლას, იქნება ეს სასამართლო რეფორმა თუ სხვა. ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი მოსახლეობასთანაც“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, „რას გულისხმობდა სააკაშვილის განცხადება, რომ ოპოზიცია 26 მაისს არ უნდა დაიშალოს და იზიარებთ თუ არა ამ გზავნილს“?, ფავლენიშვილმა უპასუხა:
„ჩვენ არ დავშლილვართ, უბრალოდ იგულისხმა, რომ ერთჯერადი საპროტესტო აქცია არ უნდა ყოფილიყო, საპროტესტო აქციას უნდა ჰქონდეს გაგრძელება და, ზოგადად, ამ ქვეყანაში პროტესტი უნდა გრძელდებოდეს, იყოს განგრძობადი ხასიათის. ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 25 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ“.
0
0