
სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა [ირაკლი დგებუაძეს] სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, - ამის შესახებ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.
მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
„ჩატარდა ირაკლი დგებუაძის სხეულის გარეგნული დათვალიერება და გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. იმავე დღესვე, 12 იანვარს, მზია ამაღლობელსაც ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დათვალიერდა მზია ამაღლობელის სხეული ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.
რაც შეეხება კვლავ ირაკლი დგებუაძის შემოწმებას, სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანია უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
0
0