16/10/2023
19:21
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ფონდმა” თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება შეაბრუნა. ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში დღეს აისახა. აგვისტოში საჯარო რეესტრში შესული განაცხადის თანახმად ტერიტორიის მომავალ მესაკუთრედ კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტი” იყო მითითებული.
BMG-სთან საუბარში “ნეო სითი დეველოპმენტის” დამფუძნებელმა მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა, რომ მისი კომპანია იპოდრომის მიმდებარედ უძრავი ქონების შესყიდვას არც გეგმავდა და უბრალოდ ამ მიწის ნაკვეთების გადაფორმება მოხდა იმ უძრავ ქონებასთან ერთად, რომლებიც კომპანიამ გმირთა მოედანზე შეიძინა, ახლა კი რეესტრში შევიდა შესწორება და მათ მხოლოდ დარჩათ ის ნაკვეთები, რომლებიც გმირთა მოედანზე მდებარეობს.
“არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიყიდეთ მხოლოდ ლაგუნა და ლაგუნაზე იყო საუბარი. თავად ქართუ ფონდს ეს ორი პროექტი ჰქონდა ერთად დარეგისტრირებული და ასე მოხდა გადმოცემა, მაგრამ იპოდრომი იყო აქამდეც ფონდის საკუთრებაში და დარჩა ფონდის საკუთრებაში. იპოდრომი არ მიყიდია. მხოლოდ ლაგუნა გადმოდის ჩვენთან,”- განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა.
შპს “ნეო სითი დეველოპმენტი” 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. ის ყოფილ დეპუტატს, მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის.
უცვლელია გმირთა მოედანზე არსებული 42,500 კვადრატული მეტრის გაყიდვის გარიგება. მხარეებმა ხელშეკრულება რეესტრში 2023 წლის აგვისტოში დააფიქსირეს, რის შედეგადაც, ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ დაფუძნებულმა კომპანია “კოსტავას 69”-ამ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამ მიწაზე ივანიშვილის კომპანია ” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა. BMG-სთან საუბარში მარიკა ვერულაშვილი ამბობს, რომ ისინი სწორედ ამ პროექტის განვითარებას გეგმავენ და მშენებლობას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი გენერალური გეგმა დამტკიცდება.
აგვისტოში “ნეო სითი დეველოპმენტმა” გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანიამ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში “ლაგუნა ვერეს” სპორტულ კომპლექსს აღადგენდა.
0
0