
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ დღეს ევროკომისია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს 9 დათქმას დაუწესებს. იოზვიაკის თქმით, აქედან 6 წინა პირობების გამეორებაა, 3 კი ახალი პუნქტი იქნება.
"ევროკომისია რეკომენდაციას უწევს 9 დათქმას. აქედან 6 წინა პირობების გამეორებაა, დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა და ა.შ. მაგრამ, ასევე 3 ახალი პირობა იქნება - საქართველოს ბრძოლა დეზინფორმაციასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში მოსვლა. ეს იქნება ის 3 პირობა, რომელსაც თქვენ მიიღებთ.
ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს და დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ამ 9 დათქმას გადახედავს და გადაწყვეტს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს თუ არა. შეიძლება, ამ პირობებიდან ზოგიერთი დაუყონებლივ შესრულდეს, ნაწილი კი მომდევნო მოხსენებამდე გაგრძელდეს, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე იქნება". - თქვა იოზვიაკმა TV პირველთან ინტერვიუში. [TV პირველის სინქრონული თარგმანი]
Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესი, მათ შორის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი.
0
0