
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს.
მისივე თქმით, უმრავლესობა ერთგვარად კომპრომისზე წავიდა, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი.
„მინდა, მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ყველა ვიცნობთ ლევანს ძალიან კარგად და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. მისი პიროვნული თვისებები იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს კომპრომისი სხვადასხვა თვალსაზრისით იყო საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა და ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის შემოთავაზებულ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კობახიძის განცხადებით, სჯერა, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება.
„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან საპირისპირო მოსაზრება გამოხატა. მათ ლექსიკონში დამოუკიდებელი არის სწორედ ჯაშუშის სინონიმი. თუ არ ხარ ჯაშუში, არ ხარ დამოუკიდებელი. ეს არის მათი ლექსიკონი. დარწმუნებული ვარ, ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და იქნება სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ეს ყველაფერი ლევანზეა დამოკიდებული. ლევან იოსელიანს კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს ამ თანამდებობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
0
0