პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიასთვის უცნობია მედიის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მოიაზრება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია პირველად რადიო „სივრცის“ ეთერში მოისმინა.
„პირველად მესმის ასეთი ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის შესახებ. რაც შემიძლია გულწრფელად გითხრათ, არც ერთ ფორმატში არავისთან მქონია მომავალ მთავრობაში ფუნქციების გადანაწილებაზე საუბარი. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, გეტყოდით“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ ეთერში ისაუბრა თავის პოლიტიკური მომავლის გეგმებზე და განაცხადა, რომ მომავალში, თავს კვლავაც საკუთარ პროფესიაში ხედავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ჩართვაზე უარს ამბობს.
„რაც შეეხება მომავლის ხედვას, არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვინ სად ხედავს თავს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, პირადად, მომავალში არც ერთ თანამდებობაზე. ბევრი მაღალი პოლიტიკური თანამდებობა მქონდა, რომელიც ჩემი სურვილით დავტოვე, რადგან თავს ვხედავ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების პროცესში, სადაც ხელი არ შეგვეშლება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. რომელი პოლიტიკური ძალაც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას - იქნება ეს „ქართული ოცნება“ მათ შორის, თუ სხვა ვინმე (იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ჩემ ყოფილ პოლიტიკურ პარტიას არ აღმოაჩნდა), მზად ვარ ნებისმიერს დავეხმარო და ნებისმიერთან ვითანამშრომლო, ვინც მართლმსაჯულების რეფორმას ბოლომდე მიიყვანს. სხვა მხრივ, მე არც პოლიტიკა მაინტერესებს დიდად და არც პოლიტიკური აქტივობები. მე ჩემ თავს ვხედავ ისევ პროფესიაში, სამართლის სფეროში და ეს არის ის საქმე, რასაც გავაკეთებ მომავალში“ - განაცხადას ბესელიამ.
კითხვაზე, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუ არა? ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ ჯერ ფიქრობს და არის მსჯელობისა და კონსულტაციების ეტაპზე.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ მონაწილეობას, თუ დავინახავ ისეთ, პირობითად, კოალიციას, რომელიც მზად იქნება ეს რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს და გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, პოლიტიკურ ძალებთან თუ დავინახავ, რომ შესაძლებელია ჩემი მონაწილეობა, ასეთ შემთხვევაში მივიღებ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს და ამიტომაც ღიად ვამბობ ეთერებში, რომ მაქვს კონსულტაციები და მე თვითონ ვეხმარები ამ პროცესის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამას სჭირდება სინერგია. თუ ეს გამოვიდა, რა თქმა უნდა, მივიღებ გადაწყვეტილებას. სხვაგვარად, არ მესმის, მიზნის გარეშე, პოლიტიკაში ყოფნა რატომ უნდა გინდოდეს.
ერთადერთი, ვისთანაც ვერ ვიპოვი საერთოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ვისთან ერთადაც შემიძლია ვიპოვო პოლიტიკური მომავალი, ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაკავშირებული არიან „ოცნების“ შექმნის იდეასთან და იმ ბრძოლასთან, რომელიც ჩვენ გავიარეთ წარსულში, უფრო ახლოს დგას ჩემთან ასეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ „ქართულ ოცნებაში“ და წამოვიდნენ, ან იდეას უჭერდნენ მხარს და ა.შ. იოლად გამოიცნობთ, საითაც შეიძლება იყოს ჩემი პოლიტიკური ხედვები“ - განაცხადა ბესელიამ.
კითვაზე, რამდენად შეძლებს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური ერთობის შექმნას, ეკა ბესელია პასუხობს, რომ პრეზიდენტს განიხილავს როგორც “პოლიტიკური პროცესის სათავეში მყოფ სახელმწიფო მეთაურს”, ადამიანს, რომელიც კონსტიტუციით უფლებამოსილია, ხელი შეუწყოს სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
„მე მას ვერ დავაპატარებდი ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დონეზე. მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი იყოს ძლიერი სახელმწიფო ლიდერის პოზიციით, რომელიც ყველა პროდასავლურ პარტიას შეუწყობს ხელს, რომ იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და ხელი შეუწყოს ნორმალური არჩევნებით ცვლილება მოხდეს“ - განაცხადა ბესელიამ რადიო “სივრცის” პირდაპირ ეთერში.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026