
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპელებისთვის „გადამწყვეტი წარმატება“ მოიტანა.
მისი თქმით, ევროპასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აკრძალვა, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან ამოღებულია.
გერმანიის საზოგადოებრივ რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელებისა და უკრაინელების გარეშე არანაირი შეთანხმება არ უნდა მიიღონ.
„ევროპასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები, ამ გეგმიდან ამოღებულია. ეს არის გადამწყვეტი წარმატება, რომელსაც გუშინ მივაღწიეთ. თავიდანვე ცხადი იყო, როგორც არაერთხელ ვთქვით, რომ არანაირი შეთანხმება არ უნდა მიიღონ ევროპელებისა და უკრაინელების მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
ცნობისთვის, სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული ორი შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
0
0