31/10/2022
11:24
პოლიტიკა
ინვესტორებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ახალ სქემას, რომელიც სამი წლის განმავლობაში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ჰესების მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„მოგეხსენებათ, რომ ომმა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა, გამოაჩინა კიდევ ერთხელ ის სირთულეები, რომელიც ქვეყნებს და სახელმწიფოებს აქვთ, ეს არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები. ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ აქტიურად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, არის შეთანხმებული, გავლილი და ამას რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა.
მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზე გაცემულია მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი – ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი: სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. სიეფდი ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის ის 800 მეგავატი, რომელზეც ვისაუბრე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი. ანუ ჯამურად მხოლოდ 1 500 მეგავატის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით. დაემატება ამას 800 მეგავატის პროექტები და კიდევ მსხვილი პროექტები, რომელზეც დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ, ვაცხადებთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.
ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკას ვზრდით ორნიშნა, უკვე 10 პროცენტით, ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, მოხმარებაც იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მით უმეტეს, ეს არის განახლებადი, სუფთა ენერგია და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0