
"ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება," - ეს განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ გააკეთა.
მისივე განცხადებით, ცვლილებები, რომელიც სამინისტროში განხორციელდა, მხოლოდ ფუნქციურ გადანაცვლებას მოიცავს.
"აღნიშნული ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციური გადანაცვლება მოხდა. რაც შეეხება შინაარსობრივი და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არავითარი ცვლილება, რამაც, შესაძლოა, შელახოს ან დაკარგოს ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც დღესაც ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით განხორციელდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასეთი არც განხორციელებულა და არც განხორციელდება," - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა მოითხოვეს, რათა გადაწყვეტილებები შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით მიიღოს უწყებამ.
ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა.
0
0