29/09/2021
15:23
მსოფლიო
ინგლისის სამხრეთით, პალეონტოლოგებმა დინოზავრის ორი ახალი სახეობის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 125 მილიონი წლისწინანდელია.
პალეონტოლოგებმა დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა, თავისი მტაცებლური მანერის მიხედვით, "ჯოჯოხეთის ყანჩას" შეადარეს და პირველ ნიმუშს „Ceratosuchops inferodios“-ი უწოდეს. მისი სახე, ასევე რქიან ნიანგს მიამსგავსეს. დინოზავრის მეორე სახეობას კი „Riparovenator milnerae“ (ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ბრიტანელი პალეონტოლოგის ანგელა მილნერის პატივსაცემად) დაარქვეს, რაც "მილნერის მდინარის ნაპირზე მონადირეს" ნიშნავს.
სამჩლიქიანი დინოზავრის ნაშთები კუნძულ უაითის სანაპიროზე აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ისინი სპინოზავრიდების ჯგუფს მიეკუთვნებოდა და ფიქრობენ, რომ მათი სიგრძე 9 მ იყო, თავის ქალის სიგრძე კი - 1 მ-მდე აღწევდა.
მიწიდან დაახლოებით 50 ძვლის ამოთხრას რამდენიმე წელი დასჭირდა. პალეონტოლოგებმა თავდაპირველად ორი თავის ქალის ნაწილი იპოვეს; დინოზავრის კუნძულის მუზეუმის გუნდმა კუდის დიდი ნაწილიც აღმოაჩინა.
მანამდე, კი 1983 წელს სურეის კარიერში, მეცნიერებმა სპინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც ბარიონიქსს [Baryonyx] მიეკუთვნებოდა. მას შემდეგ, გადაშენებული ქვეწარმავლის მხოლოდ ერთ ძვალს და კბილებს მიაკვლიეს.
„ჩვენ მიერ აღმოჩენილი დინოზავრების თავის ქალა განსხვავდება არა მხოლოდ ბარიონიქსისგან, არამედ ერთმანეთისაგანაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდ ბრიტანეთში სპინოზავრიდების უფრო მრავალფეროვანი ჯგუფი არსებობდა, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით,“ - თქვა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კრის ბარკერმა.
კვლევაში, ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ განვითარდა სპინოზავრიდები თავდაპირველად ევროპაში, სანამ ისინი აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელდებოდნენ.
სენდაუნში, დინოზავრის კუნძულის მუზეუმში, 50-მდე ძვლის კოლექცია განთავსდება. კურატორი დოქტორი მარტინ მანტი ამბობს, რომ ამ აღმოჩენებმა გაამყარა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კუნძული უაითი ევროპაში დინოზავრის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია.
https://www.bbc.com/news/uk-england-hampshire-58728161
0
0