
როგორც BBC News-ს წყაროებმა განუცხადეს, ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსებმა მხარი არ დაუჭირეს მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, მღვდლებს ერთსქესიანი წყვილების დაქორწინების უფლება ეძლევათ.
სასულიერო პირებმა ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით თავიანთი რეკომენდაციები და ეკლესიის პოზიცია წარმოადგინეს. მათი ინიციატივა ეკლესიის ეკვივალენტურ პარლამენტში - გენერალურ სინოდში - მომავალ თვეში განიხილება.
BBC News-ი შეხვედრაზე დამსწრე რამდენიმე ეპისკოპოსს გაესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეკლესიის მოძღვრება იმის შესახებ, რომ წმინდა ქორწინება დაშვებულია მხოლოდ ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის, არ შეიცვლება და, შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრაზე არ იქნება წარდგენილი. თუმცა ეკლესიამ დაადასტურა, რომ „ერთგულებისა და მადლიერების ლოცვების“ მსახურებას ერთსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ჩაატარებენ.
ინგლისსა და უელსში ერთსქესიანთა ქორწინება 2013 წლიდან არის კანონით დაშვებული, მაგრამ როდესაც კანონი შეიცვალა, ეკლესიური დოგმა იგივე დარჩა. 2017 წელს ინგლისის ეკლესიამ დაიწყო გახანგრძლივებული კონსულტაციები სახელწოდებით „ცხოვრება სიყვარულსა და რწმენაში“. გასული წლის ნოემბერში ოქსფორდის ეპისკოპოსი გახდა ინგლისის ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის საეკლესიო მსახური, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ეკლესიის მოძღვრებაში ცვლილების შეტანას. ცვლილების მხარდამჭერები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების ინიციატივის კენჭისყრაზე წარდგენაზე უარი, სავარაუდოდ, ეკლესიის შიგნით ცვლილებების მომხრეების აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთმა BBC News-ს განუცხადა, რომ მომავალ თვეში ისინი სინოდს ეპისკოპოსების წინადადებების უგულებელყოფას სთხოვენ.
შეხვედრაზე დამსწრე ერთმა ლიბერალმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება "არსებითი პროგრესია". "ეს ევოლუციურია და არა გზის დასასრული," - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ თქვა, რომ ეს პოზიცია “ასახავს ინგლისის ეკლესიის შეხედულებების მრავალფეროვნებას სქესობრივი ცხოვრების საკითხების შესახებ”.
0
0