07/11/2022
15:22
ეკონომიკა
ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო 2024 წლისთვის სამიზნე ორიენტირს დაუახლოვდება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯეიმს ჯონის თქმით, ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და საქართველოსთვის ექსკლუზიური პრობლემა არ არის.
„2023 წელს ველით, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ინფლაციის მაჩვენებელი. საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 6% იქნება. წლის ბოლოსთვის კი 3,8%-თან ახლოს. ანუ იქნება კლების ტენდენცია. სამიზნე ორიენტირთან დაახლოებას 2024 წლისთვის ვვარაუდობთ, თუმცა, მრუდი უკვე თვალსაჩინო იქნება 2023 წელსაც. 2024 წელს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ამ კუთხით მიღწეული.
მნიშვნელოვანია კონტექსტში აღვიქვათ ეს საკითხი. ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და არ არის საქართველოსთვის ექსკლუზიური. ფასები ყველა ქვეყანაში იზრდება და ამაზე ეფექტი აქვს მიწოდების ჯაჭვს, სურსათის და ენერგეტიკის ფასების ზრდას, უკრაინაში ომს. საქართველოში სურსათის ფასებიც არის ასახული ამ მაჩვენებელში. გლობალური შოკების შემცირების კვალობაზე ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება.
ასევე არის სხვა ფაქტორებიც. ეროვნული ბანკი ახორციელებს სხვადასხვა ზომებს ინფლაციის შესამცირებლად, კლების მიმართულებით თვალსაჩინოებას ვაღიარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ეს გლობალური გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში 26 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა იყო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024