20/10/2022
14:32
მსოფლიო
ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ინდური ფარმაცევტული კომპანიის მიერ დამზადებული ხველების საწინააღმდეგო ყველა ტიპის სიროფის (მედიკამენტის) გაყიდვა და გამოწერა აიკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი, რამდენიმე კვირის წინ, გამბიაში, ხველების საწინააღმდეგო იმავე სიროფის მიღების შემდეგ თითქმის 70 ბავშვის გარდაცვალების ფაქტი გახდა.
ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ ზოგიერთი სიროფი შეიცავდა ინგრედიენტებს, რომლებმაც ბავშვებში თირკმლის მწვავე დაზიანებები გამოიწვია. 2022 წელს ამ მიზეზით 99 ბავშვი დაიღუპა. გაურკვეველია, წამალი იმპორტირებული იყო თუ ადგილობრივად წარმოებული.
როგორც ინდონეზიის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, თირკმლის მწვავე დაზიანებები 200-მდე ბავშვს აღმოაჩნდა, რომელთა უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკის იყო. ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგივე ქიმიური ნაერთები ასევე აღმოჩენილია ადგილობრივად გამოყენებულ ზოგიერთ მედიკამენტში.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საგანგებო გაფრთხილება გამოაქვეყნა ხველების საწინააღმდეგო ოთხი დასახელების სიროფის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია გამბიაში 70-მდე ბავშვის სიკვდილთან. ჯანმო-მ აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ინდური სიროფები შეიცავდა "დაუშვებელი რაოდენობით" დიეთილენგლიკოლს და ეთილენგლიკოლს, რაც "პოტენციურად იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებებს".
0
0