
სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში ორი ადამიანი იშვიათი ნიპა ვირუსით გარდაიცვალა. ასევე ვირუსი დაუდასტურდა გარდაცვლილის ორ ნათესავს, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ.
2018 წლის შემდეგ კერალაში ნიპა ვირუსის მეოთხე აფეთქებაა.
როგორც ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა მანსუხ მანდავიამ განაცხადა, ფედერალურმა მთავრობამ კერალას შტატში ექსპერტებთან შესახვედრად გუნდი გაგზავნა, რათა შეაფასონ მდგომარეობა და შტატის მთავრობას ეპიდემიის მართვაში დაეხმარონ.
„შტატის ჯანდაცვის მინისტრის ვენა ჯორჯის განცხადებით, ორი დაღუპული ადამიანის 168 კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ვირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. შტატის მთავრობამ კოჟიკოდეში [კერალას ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური ცენტრი] სიტუაციის მონიტორინგისთვის საკონტროლო ოთახი შექმნა, ხოლო ჯანდაცვის მუშაკებს ინფექციის კონტროლის პროტოკოლების დაცვა დაევალათ. ხელისუფლებამ რაიონში რამდენიმე სკოლა და ოფისი დახურა,“ - წერს სააგენტო Reuters-ი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ვირუსული ინფექცია "ზოონოზური დაავადებაა", რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველებიდან, როგორიცაა ღორი და ხილიჭამია ღამურები. ის ასევე ვრცელდება დაბინძურებული საკვებით და ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით. ადამიანებს, რომლებიც ინფიცირდებიან ვირუსით, ზოგჯერ არ აღენიშნებათ შესამჩნევი სიმპტომები, ზოგს კი მწვავე რესპირატორული პრობლემების ნიშნები აქვს. მძიმე შემთხვევებში, ნიპას ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ენცეფალიტი [თავის ტვინის ანთება].
ვირუსით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, რადგან ინფექციის სამკურნალოდ წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. მკურნალობა შემოიფარგლება სიმპტომების კონტროლით.
„შტატის მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს და სთხოვს საავადმყოფოებში პაციენტები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მოინახულონ. თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვირუსით გარდაცვლილებთან კონტაქტში მყოფი პირები მკურნალობას იტარებდნენ,“ - თქვა კერალას მთავარმა მინისტრმა პინარაი ვიჯაიანმა.
კოჟიკოდეში პირველად ნიპას აფეთქება 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც 18 დადასტურებული შემთხვევიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა. 2019 წელს ერნაკულამის რაიონში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და პაციენტი გამოჯანმრთელდა. 2021 წელს კი ნიპას ვირუსით 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
მაისში Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ინდოეთის ტროპიკულ შტატ კერალაში სწრაფმა ურბანიზაციამ და ხეების გაჩეხვამ „იდეალური პირობები შექმნა ისეთი ვირუსის გაჩენისთვის, როგორიცაა ნიპა“.
0
0