10/07/2023
14:57
მსოფლიო
ჩრდილოეთ ინდოეთში სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ჰიმაჩალ პრადეშის შტატში მეწყერმა და წყალდიდობამ სახლები დააზიანა. ანალოგიური ვითარება იყო მეზობელ უტარახანდში, სადაც რამდენიმე მდინარის წყლის დონემ სახიფათოდ მოიმატა. მიმდინარე შაბათ-კვირას, დელი მთლიანად დაიტბორა; დახურულია სკოლები.
ვითარება განსაკუთრებით საგანგაშო იყო ქალაქის ზოგიერთ უბანში, სადაც მოსახლეობა ჩიხში მოექცა კანალიზაციის მილებიდან და წყალქვეშა სადინარებიდან წყლის გადმოდინების გამო.
ასევე, ასამის შტატში, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის პროგნოზით, უფრო ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში.
ინდოეთში რეგულარულად ხდება ძლიერი წყალდიდობა მუსონების სეზონზე, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა ექსპერტების განმარტებით, ბოლო დროს წვიმის ინტენსივობა გაიზარდა.
მათივე თქმით, წყალდიდობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების ფონზე ექსტრემალური ნალექები უფრო ხშირად არის მოსალოდნელი.
0
0