
ინდოეთში, ქალაქ უდაიპურის რაიონულმა მოსამართლემ რაჰულ ჩოუდჰარიმ სიკვდილით დასჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მამაკაცის მიმართ, რომელმაც 20 წლის ცოლი, კანის ფერის გამო, ცოცხლად დაწვა. სიკვდილამდე მიცემულ ჩვენებებში, გარდაცვლილმა ლაკშმიმ განაცხადა, რომ მისი ქმარი კიშანდასი „რეგულარულად დასცინოდა მას მუქი კანის გამო“.
„ეს მკვლელობა უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ვიმედოვნებთ, რომ კიშანდასის სასიკვდილო განაჩენი გაკვეთილი იქნება საზოგადოების სხვა წევრებისთვის,“ - თქვა მოსამართლემ.
კიშანდასის ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა და ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
BBC-ის ინფორმაციით, ლაკშმიზე თავდასხმა 2017 წლის 24 ივნისის ღამეს მოხდა. ლაკშმის თქმით, მისი ქმარი ხშირად მოიხსენიებდა მას, როგორც „კალი“, ანუ შავკანიანი და, 2016 წელს ქორწინების შემდეგ, თავისი სხეულის გამო არცხვენდა. გარდაცვალების ღამეს, კიშანდასმა ყავისფერი სითხით სავსე პლასტმასის ბოთლი მოიტანა, რაც, მისი თქმით, კანის გასაღიავებელი წამალი იყო.
სასამართლოს განცხადებების თანახმად, კიშანდასმა ქალს სითხე სხეულზე წაუსვა და როდესაც ქალმა მჟავის სუნი იგრძნო, კაცმა მას ცეცხლი წაუკიდა, დარჩენილი სითხეც სხეულზე გადაასხა და გაიქცა. კიშანდასის მშობლებმა და დამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა.
უდაიპურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინდოეთში ღია ფერის კანისადმი არაჯანსაღი პრეფერენციის საკითხს. მუქკანიან გოგონებსა და ქალებს დამამცირებელ სახელებს არქმევენ და ისინი დისკრიმინაციას აწყდებიან; კანის გამაღიავებელი პროდუქტები კი დიდ ბიზნესს ქმნის, რომლიც მოგებაც მილიარდობით აშშ დოლარია.
0
0