ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინას ეწვევა.
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთთან კონფლიქტის დაწყების, ასევე მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნარენდრა მოდი უკრაინას პირველად ეწვევა. ვიზიტის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინდური მედია იუწყება, რომ მოდი კიევში, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩავა.
როგორც ცნობილია, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის დედაქალაქებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს, თუმცა მეგობარმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რუსეთთან ვაჭრობა გააგრძელეს. ინდოეთმა უკრაინასთან ომის დაწყებაში [რასაც მოსკოვი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს] რუსეთის პირდაპირ დადანაშაულებისგან თავი შეიკავა და მეზობელ ქვეყნებს კონფლიქტის დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ოფიციალურ დელისთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. თავის მხრივ, ინდოეთს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება, ხოლო ძველ მეგობარ რუსეთთან - კავშირების შენარჩუნება სურს.
0
0