19/09/2024
11:51
მსოფლიო
ინდოეთისა და ევროპის სამთავრობო და თავდაცვის სფეროს 11 წარმომადგენლის განცხადებით, ევროპელმა მომხმარებლებმა ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები უკრაინაში გაგზავნეს. მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, იარაღით ვაჭრობის შესაჩერებლად ოფიციალური დელი არ ჩარეულა.
„რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინელების მხარდაჭერის მიზნით, უკრაინაში ინდური წარმოების საბრძოლო მასალა წელიწადზე მეტია, ექსპორტირდება. კრემლმა ეს საკითხი განსახილველად, სულ მცირე, ორჯერ წამოაყენა, მათ შორის, ივლისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის ინდოელ კოლეგას შორის გამართული შეხვედრისას,“ - განუცხადა Reuters-ს სამმა ინდოელმა ჩინოვნიკმა.
უკრაინაში საბრძოლო მასალების ექსპორტირების დეტალებს Reuters-ი პირველად ავრცელებს. რუსეთისა და ინდოეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა Reuters-ის შეკითხვებს არ უპასუხეს. იანვარში, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა რანდჰირ ჯაისვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინდოეთს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვები არც გაუგზავნია და არც მიუყიდია.
ინდოეთის ორმა სამთავრობო და ორმა თავდაცვის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას - ომის დაწყების დროიდან, კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის 1%-ზე ნაკლებს - აწარმოებდა. საინფორმაციო სააგენტომ ვერ დაადგინა, კიევს საბრძოლო მასალა მიჰყიდეს თუ ევროპელმა მომხმარებლებმა დახმარების სახით გადასცეს.
„ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც, ევროკავშირის ინიციატივის თანახმად, უკრაინაში ინდურ საბრძოლო მასალას აგზავნიან, იტალია და ჩეხეთია. დელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში იარაღის უდიდესი იმპორტიორია, ევროპაში მიმდინარე ხანგრძლივ ომს იარაღის ექსპორტის ახალი სექტორის განივთარების შესაძლებლობად განიხილავს.
იტალიური კონტრაქტორი Meccanica per l'Elettronica e Servomeccanismi ინდური Yantra-ს ყველაზე დიდი უცხოელი კლიენტია. რომში მოქმედი კომპანია ინდოეთისგან ცარიელ ჭურვებს ყიდულობს და მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებით ავსებს. რამდენიმე დასავლურ ფირმას ფეთქებადი შემავსებლის შესაძლებლობები აქვს, მაგრამ არ გააჩნია საარტილერიო ჭურვების მასიური საწარმოო რესურსები,“ - განაცხადეს, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ესპანელმა და ინდოელმა მაღალჩინოსნებმა, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის Yantra India-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა.
უკრაინის, იტალიის, ესპანეთისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა Reuters-ს კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდოეთის მთავრობას დელის მიერ წარმოებული იარაღის ექსპორტის შესახებ შეკითხვებით უკვე მიმართა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსების მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ინდოეთმა, 2018-2023 წლებში, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი განახორციელა.
ექსპორტირებულ იარაღს შორის L15A1 ტიპის ჭურვები იყო, რომლებიც Meccanica per l'Elettronica e Servomeccanismi-ის მიერ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის დამზადდა და ქვეყანას "თავდაცვის შესაძლებლობებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ხელშეწყობისთვის მიეწოდა".
0
0