
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ სიკიმში, ძლიერი წვიმის შედეგად, ლონაკის ტბაში წყლის დონის მატებამ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 102 კი - დაკარგულად ითვლება, მათ შორის 22 სამხედრო პირია.
შტატის მთავრობის განცხადებით, 3000-ზე მეტი ტურისტი შტატის სხვადასხვა ნაწილში ჩაიკეტა. შტატის მასშტაბით, ასობით სამძებრო-მაშველი ოფიცერია მობილიზებული.
BBC-ს ინფორმაციით, სამაშველო პერსონალმა ცხედრები იპოვა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
ახლომდებარე კაშხლიდან მდინარეში წყლის გადასვლამ წყალდიდობას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. წყლის დონემ 4.57-6.1 მეტრამდე მოიმატა.
ინდოეთის შტატ სიკიმში წყალდიდობა და ბუნებრივი კატასტროფები ხშირია. გასულ წელს, ძლიერი წყალდიდობის გამო, შტატიდან ათიათასობით ადამიანი გადასახლდა, ხოლო, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა.
0
0