23/08/2023
11:46
მსოფლიო
თუ მისია Chandrayaan-3 წარმატებული იქნება, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის ნაკლებად შესწავლილ სამხრეთ პოლუსზე დაეშვება.
მისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მთვარის ნიადაგში ყინული აღმოჩენაა, რაც მეცნიერების მტკიცებით, მომავალში მთვარეზე ადამიანების დასახლებას შეუწყობს ხელს.
ინდოეთის მცდელობა გაჟღერდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა Luna-25-მა კატასტროფა განიცადა და ორბიტაზე შემობრუნების შემდეგ მთვარის ზედაპირს დაეჯახა.
Chandrayaan-3-ის წარმატების შემთხვევაში, ინდოეთი ასევე გახდება მეოთხე ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდიც მთვარეზე რბილ დაშვებას მოახერხებს - როგორც ცნობილია, აშშ-ის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის კოსმოსური ხომალდები ეკვატორთან ახლოს დაეშვნენ.
დესანტი, რომელსაც ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის (Isro) დამფუძნებლის, ვიკრამ სარაბჰაის საპატივცემულოდ Vikram-ი ეწოდა, 26 კგ-იან მთვარემავალ Pragyaan-ს [„სიბრძნე“] ზიდავს.
ინდოეთმა მისია Chandrayaan-1-ი მთვარეზე პირველად 2008 წელს გაუშვა. Chandrayaan-1-მა მთვარის გამშრალ ზედაპირზე წყლის მოლეკულები აღმოაჩინა და დაადგინა, რომ მთვარეზე ატმოსფერო არსებობს.
„ინდოეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მთვარის კოსმოსური მისიის შესრულებას ცდილობს - დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის მიმართ გლობალური ინტერესი მზარდია; უახლოეს მომავალში მრავალი სხვა მისიაც განხორციელდება. როგორც მეცნიერები ამბობენ, გამოსაკვლევი ჯერ კიდევ ბევრია მთვარის ზედაპირზე, რომელიც ხშირად შეფასებულია, როგორც ღრმა კოსმოსის კარიბჭე,“ - წერს BBC-ი.
0
0