მილიონობით ინდოელი ,,ჰოლის” დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც, ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ, ცნობილია, როგორც ფერების ფესტივალი.
ინდოელები ფესტივალზე გაზაფხულის დაწყებას და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას აღნიშნავენ. მთვარის თვის ბოლო სავსემთვარეობის დღეს, ისინი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ნათელ ფერებით ღებავენ და ლოცულობენ.
„ჰოლი“ ეფუძნება ინდუისტურ ლეგენდას დემონი ქალის - ჰოლიკას - შესახებ, რომელიც თავისი ძმისშვილის პრაჰლადის მოკვლას ცდილობდა, რადგან ის ინდუისტურ ღმერთ ვიშნუს ეთაყვანებოდა. თუმცა პრაჰლადი სასწაულებრივად გადაურჩა ანთებულ ცეცხლს, ჰოლიკა კი - დაიწვა.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, ,,ჰოლის” წინა საღამოს, ინდოელები კოცონებს ანთებენ იმ რწმენით, რომ ცეცხლი ბოროტებას გაანადგურებს და სიკეთე გაიმარჯვებს. გუჯარატის შტატის დედაქალაქ განდინაგარის მახლობლად მდებარე სოფელში შეკრებილებმა კოცონი დაანთეს, რომლისთვისაც 200 ტონა შეშა გამოიყენეს.
ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ინდოეთში, ამიტომ ,,ჰოლის” დაწყებამდე მილიონობით ადამიანი მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში რამდენიმე დღით მიემგზავრება. ფესტივალის აღსანიშნავად, ქვეყნის რამდენიმე კუთხეში უზარმაზარი მსვლელობა იმართება. ასევე იკეტება სკოლები. ბავშვები წყლის პისტოლეტებით თამაშობენ და ერთმანეთს ფერად წყალს ასხურებენ.
,,ჰოლის” დღესასწაული მეზობელ ნეპალშიც აღინიშნა.
0
0