
"ქართული ოცნების" დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძესთან, ანრი ოხანაშვილთან და გიორგი კახიანთან ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო სხდომებს სამი დღის განმავლობაში აქტიურად ესწრებოდა, დღეს პარლამენტში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მისი მხარდაჭერა არ აქვს.
შარმანაშვილის გარდა, სხდომას "ოცნებიდან" არ ესწრებოდა არც დავით სერგეენკო. დარბაზში არ იმყოფებოდა არც დავით ზილფიმიანი ფრიდონ ინჯიას "ევროპელი სოციალისტების" წევრი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო -1. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა.
ფარული კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" წევრების გარდა, ინჯიას "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" წევრები და ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. პროცესს ესწრებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტის წინააღმდეგ ერთადერთი ხმა, ალეკო ელისაშვილმა მისცა.
მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, იმპიჩმენტის საფრთხე არ იდგა.
„გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი. “, - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0