15/03/2022
15:51
პოლიტიკა
,,ზოგადად, ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს აქვს უფლება კომპეტენციების თაობაზე დავის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, რამდენადაც მე მახსოვს, 26წლის განმავლობაში ასეთი სარჩელი სასამართლოში არ ყოფილა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია იყოს. ყოველთვის ყველაფერი არ არის ხოლმე ცალსახად განსაზღვრული და ასეთი სახის დავები შეიძლება წარმოიქმნას. თავისთავად, ასეთი მიმართვა შესაძლებელია, ჩემი აზრით, პრეზიდენტს აქვს იმის უფლება რაც გააკეთა, ვინაიდან იგი მოქმედებდა არა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, არამედ თავისი პირადი სახელით და ასეთი მოქმედება კონსტიტუციას არ აქვს აკრძალული. თუმცა, თუნდაც მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს, რაც ჩემი აზრით, არსებითად არასწორი იქნება, ასეთი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი იქნება ის რომ, მომავალში, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არც ერთ პრეზიდენტს არ ექნება უფლება პირადი ვიზიტი შეასრულოს სადმე და ამ პირადი ვიზიტის დროს, შეხვდეს სხვა სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს. - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მან იმპიჩმენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ იმპიჩმენტის სამართლიანი საფუძველი არ იქნება.
,,რაც შეეხება იმპიჩმენტს, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, დავის დაწყების უფლება აქვს მთავრობასაც და პარლამენტის წევრებს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის საჭიროა მათ ჩამოაყალიბონ, რა მიაჩნიათ პრეზიდენტის მოქმედებაში კონსტიტუციის დარღვევად. შემდგომ, ეს უნდა გადაიგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც უნდა თქვას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, დღესდღეობით, არ შეიძლება ითქვას რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, რადგან ეს, თავად ქართული ოცნების განცხადებითვე არის სადავო საკითხი. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავრობის სარჩელი, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტის ეს მოქმედება კონსტიტუციის დარღვევად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან ამ მოქმედების დროს, ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული აქვს თუ არა პრეზიდენტს ამის უფლება. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მას ამის უფლება აქვს, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს და ამ დავის გადასაწყვეტად მიდიან სასამართლოში. შესაბამისად, პარლამენტში იმპიჩმენტის დაწყების საფუძველში, თქმა იმის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, არ იქნება სამართლებლივი თვალსაზრისით სწორი. რადგან პრეზიდენტის იმ მოქმედების დროს ჯერ კიდევ არ იყო ნათქვამი, რომ ასეთი მოქმედება არის არაკონსტიტუციური. სხვა საფუძველი რომ გამოძებნონ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, შემდგომ პრეზიდენტის გადაყენებას სჭირდება პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელ პარლამენტში ეს 100 ხმა მოგროვდეს.'' - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
0
0