
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში თუ გადავა, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამას მხარი დაუჭიროს.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სამი დღის განმავლობაში შეძლო, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში, ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც შეეხება კონსტიტუციას. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, რასთან გვაქვს საქმე. სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, მეორე მხარეს – თვითშემოქმედებითი აზრი, ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კონსტიტუციასთან. მგონი, ეს სამი დღის განმავლობაში ნათლად ნახა ყველამ არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0