24/10/2022
17:33
პოლიტიკა
მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი არც აქ და არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე არ წყდება, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მან სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებას მოუწოდა, თავისი სიტყვა თქვას.
ნიკა გვარამიამ ასევე არასამთავრობო სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული სამოქალაქო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
„რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე - ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება. არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, იმიტომ, რომ წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო. არც მხოლოდ იმათ ტვინებში წყდება ჩემი ბედი, ვინც აქ ყოველდღე მისჯის და შესაძლოა, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე ეს ჩხიკვაძემ გააკეთა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი არ არის. აღარ არის.
ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ მომავალი მოვიდა, კართან მოგვადგა. მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. რამდენიმე ნაბიჯია სულ. სულაც არა გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და არ ჩამოყაროთ ხელები. არავითარ შემთხვევაში. საზოგადოებას მოვუწოდებ, თავისი სიტყვა თქვას. საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ჩვენი სამოქალაქო სექტორი ალბათ, ნუ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რაც მე მინახავს. არ მინახავს ცოტა და განსაკუთრებით ახლა იზოლაციაში ყოფნისას, ძალიან ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებზე. შემიძლია პარალელი გავალო და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, უსამართლობაა, რომ ჩვენს სამოქალაქო სექტორზე ასე ცოტას წერენ მათ შორის, წიგნებშიც. უსამართლოა ჩვენი პოლიტიკური ელიტის სტიგმატიზაცია, როგორც რაღაცა ძალის არმქონის თუ ა.შ.,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენი წარუმატებლობები ჩვენი ბრალია და როგორც კი მოვინდომებთ, რომ ეს წარუმატებლობების სერია შეწყდეს, შეწყდება“.
გვარამიას განცხადებით, კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის - "კართან, გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ".
„მინდა ყველას ვთხოვო აღმატებით ტონალობაში იმაზე საუბარს როგორ ვუძლებ მე, ჯობია ვიფიქროთ იმაზე, ვისაც გასაძლები არ აქვს და თავისუფალია, ის რას აკეთებს ამ დროს. მე მაქვს არჩევანი, რომ ჩემი ბრძოლა იყოს გაძლება, მაგრამ გარეთ მყოფს ეს არჩევანი არ აქვს, (ბოდიში ყველასთან). უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო. ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია. კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც უნდა, რომ გააღოს, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ გავაღოთ, ჩვენ ხომ შეგვიძლია მივიდეთ ოცნების გარეშე და გავაღოთ. მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხადა გვარამიამ.
0
0