24/04/2023
14:31
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გაიმართავენ.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე მოწვეული ვართ არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ სიტყვით გამოსვლისა და კონფერენციის მონაწილეებისთვის მიმართვის შესაძლებლობა გვექნება. ასეთი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას, ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართოს კოლეგებთან. ჩვენ შეხვედრები გვექნება საფრანგეთის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის თემატიკა, რომელიც ეხება ერთი მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და დემოკრატიზაციის პროცესს მსოფლიოში, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად გვექნება მსჯელობა და აზრთა გაცვლა.
ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებთან ერთად, ასეთ შეხვედრებზე ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და ისლანდიის შემთხვევაშიც საუბარი გვქონდა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერაზე. როგორც იცით, მალე იმართება ნატო-ს სამიტი და მნიშვნელოვანია, ამ სამიტზე გარკვეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რათა შესაძლებელი იყოს მეტი პროგრესი, მათ შორის საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ.
გარდა ამისა, ზოგადად, საპარლამენტო ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბდა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, არის ძალიან ინტენსიური. ჩვენი დელეგაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შარშან იმყოფებოდა ისლანდიაში, წელს იგეგმება ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს, გაძლიერდეს, რათა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უფრო დიდი მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში, ისლანდიის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, მეორე ჯერზე ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან საუბრების დროს ხაზს ვუსვამთ და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ გვაქვს ურთიერთგაგება, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს. სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა. ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი მხრივ. ერთი იმიტომ, რომ შენარჩუნებული იქნას ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სახით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს, ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024